Tuesday, November 3, 2009

ახალი ჩქაროსნული მაგისრტალის მშენებლობის შესახებ







2010 წლის ბოლოს უნდა დამთავრდეს ვარაზისხევიდან თამარაშვილის ქუჩამდე ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა, რომელზეც ტენდერი მერიამ წელს მაისში გამოაცხადა.


ტენდერში გაიმარჯვა კომპანია „საქგზამეცნიერებამ“. რადიო კომერსანტის მიერ 2009 წლის 27 ივლისს გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ, პროექტის მიხედვით ვარაზისხევში გაკეთდება 150 მეტრიანი ამოსასვლელი, გმირთა მოედანზე კი – 520 მეტრიანი ესტაკადა. ასევე იგეგმება მიწისზედა და მიწისქვეშა გადასასვლელების გაკეთება ფეხით მოსიარულეთათვის. ახალ პროექტში გათვალისწინებულია მდინარე ვერეზე 5 გადასასვლელი ხიდის განთავსებაც. ამ პროექტის მშენებლობას კომპანია “კავკასუს როუდ პროჯექტი“ განახორციელებს. მაგისტრალის დასრულება 2010 წლის ბოლოსთვის იგეგმება. პროექტისთვის ქალაქის 2009 წლის ბიუჯეტიდან 30 მილიონი ლარია გამოყოფილი.
„საქგზამეცნიერების“ მიერ წარმოდგენილმა პროექტმა დიდი მითქმა–მოთქმა გამოიწვია საზოგადოებაში. იმ ადგილთა შორის, სადაც მაგისტრალმა უნდა გაიაროს, ბავშვთა ქალაქ მზიურის და ზოოპარკის ტერიტორიაც ხვდება.
ამ გეგმის გაცხადების შემდგომ მისმა განხილვამ გადაინაცვლა ყველა ფორუმზე. ზოგიერთმა ტელევიზამ ვრცელი გადაცემაც კი მიუძღვნა პროექტის ავკარგიანობას. დებატების მონაწილენი თანხმდებიან, რომ აუცილებელია ახალი გზის მშენებლობა, რადგანაც ჭავჭავაძის პროსპექტი ნამდვილად საჭიროებს განტვირთვას. თუმცა, მშენებლობის ადგილსა და მეთოდზე საზოგადოების აზრი ორად გაიყო. ერთი მხარის მოსაზრებით, გზა უნდა აშენდეს ნებისმიერ ფასად, რადგანაც ვაკის ტერიტორიაზე გადაადგილება უკვე შეუძლებელი გახდა. მეორენი კი ამტკიცებენ, რომ არ შეიძლება მზიურის და ზოოპარკის ტერიტორიაზე გზის გაკეთება, რადგანაც ამას ეწირება პარკის მწვანე საფარი.

ჩქაროსნული მაგისტრალის მიზანია ჭავჭავაძის პროსპექტის განტვირთვა. არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი არ ეწინააღმდეგება გზის აშენებას, თუმცა, მისი აზრით, ეს ქალაქზე ზრუნვით უნდა მოხდეს. ის ამბობს, რომ ტერმინი ჩქაროსნული მაგისტრალი მხოლოდ საზოგადოებაში დადებითი რეაქციის გამოსაწვევად არის ნათქვამი. „ალბათ საზოგადოების მხრიდან დადებითი აზრის შესაქმნელად გამოაცხადეს, რომ უნდა აშენდეს ჩქაროსნული გზა. ჩქაროსნულ გზას აქვს თავისი წესები. კილომენტრ–ნახევრიანი სიგრძის გზაზე რა ჩქაროსნული მაგისტრალის გაკეთება შეიძლება?” ის ასევე ფიქრობს, რომ მაგისტრალის აშენება მხოლოდ დროებით გადაწყვეტს პრობლემას: “ეს იქნება პალიატიური გადაწყვეტა, ანუ დროებითი. დღეს ეს საკმარისი იქნება, მაგრამ თუ იმ ტემპით გაგრძელდა ავტომობილიზაცია, რა ტემპითაც ახლა ხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ვიდრე გზა აშენდება, იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდება ჭავჭავაძის პროსპექტი, ბარნოვიც და ფალიაშვილიც.“ მისი აზრით ახალი გზა იმ შემთხვევაში განტვირთავს ვაკის რაიონს, თუ მას დამაკავშირებელი გზები ექნება პროსპექტთან.

მზიურის გადასარჩენად შეიქმნა რამდენიმე ორგანიზაცია: „გადავარჩინოთ მზიური“ (save Mziuri) და „ანალიტიკური საზოგადოებრივი გაერთიანება მზიური“. „გადავარჩინოთ მზიურმა“ აქცია ცოტა ხნის წინ აქცია გამართა პარკის წინ, სადაც გააპროტესტა იქ მიმდინარე მშენებლობა. „ანალიტიკური საზოგადოებრივი გაერთიანება მზიური“ კი ღია წერილებით და საზოგადოების ინფორმირებით ცდილობს პრობლემის გადაჭრას.
უფრო რადიკალურ ზომებს მიმართა „ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა“.2009 წლის 22 სექტემბერს ამ ცენტრის სახელით სარჩელი შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა ქ. თბილისის მერიის მიერ დამტკიცებული მზიურზე გამავალი ჩქაროსნული ზგატკეცილის პროექტის ბათილად ცნობა ქვემოთჩამოთვლილი არგუმენტების თანახმად: ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22–ე მუხლის ( სარჩელის შეტანა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილადცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე);ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–მე– 601 მუხლების (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები);
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის(უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს). მათი მტკიცებით, ეს არღვევს მთელ რიგ კანონებსა და დადგენილებებს, მათ შორის – კონსტიტუციას, რომლის 37–ე მუხლში ნათქვამია, რომ „საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი. ყველა ვალდებულია გაუფრთხილდეს ბუნებრივ და კულტურულ გარემოს.“

სარჩელი განსახილველად უკვე მიიღო ადმინისტრაციულმა სასამართლო კოლეგიამ. ეკოლოგიური სამართლის ცენტრის იურისტის, ნიკოლოზ მჟავანაძის თქმით, ეს უკვე დიდი მიღწევაა.“ წარმოებაში საქმის მიღება ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს, რეალურად პროცესი დაიწყო, განხილვა იქნება საქმის, რომ არ მიეღოთ, ვერაფერს ვერ ვიზამდით, ჩვენ ახლა რეალურად კანონიერი საფუძველი გვაქვს იმის, რომ გავაუქმოთ პროექტი“.
თუმცა, როგორც ნიკოლოზ მჟავანაძე აცხადებს, მათ თავიდანვე არ მიუმართავთ ასეთი რადიკალური ზომებისთვის, თავდაპირველად ცენტრმა ქალაქის მერიაში შეიტანა საჩივარი და პასუხი რომ ვერ მიიღეს, მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტეს სასამართლოში ჩივილი. იურისტი უსაფუძვლო არგუმენტად მიიჩნევს მდინარე ვერეს დაბინძურებული კოლექტორის გაწმენდას, რომელიც მაგისტრალის მშენებლობის პროექტშია ჩადებული, იგი აღნიშნავს: „ისინი ამბობენ, რომ კოლექტორია დაბინძურებული და თუ ასეა, გაასუფთავე, გზა უნდა გაიყვანო მაინც და მაინც?“
მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან დაკავშირება, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა. მაგისტრალის შესახებ ინფორმაცია არ დევს ასევე მერიის საიტზე. კომენტარზე უარი განაცხადამზიურში მშენებლობაზე პასუხისმგებელმა პირმაც, რომელმაც არც თავისი ვინაობა გაამხილა და განაცხადა: „მე ძალიან კარგად ვიცი რაც კეთდება, მაგრამ ამ ინფორმციას მერია არ ახმაურებს და მე როგორ ვიტყვი?“