Thursday, June 3, 2010

როგორ გადაიქცა "ხორბლის ბეღელი" უდაბნოდ ანუ დედოფლისწყაროს პრობლემები

გლობალური დათბობა და კლიმატური ცვლილებები მთელი დედამიწის პრობლემაა. გლობალური დათბობა განიმარტება, როგორც დედამიწის ატმოსფეროს მიწისპირა ფენის და მსოფლიო ოკეანის საშუალო წლიური ტემპერატურის სწრაფი ზრდის პროცესი.მის გამომწვევ მიზეზებზე მეცნიერები ვერ თანხმდებიან. არსებობს მოსაზრება, რომ კლიმატის ცვლილება გამოწვეულია საწვავის ჭარბი მოხმარებით. წვის პროცესში ხდება სათბურის გაზების (ნახშირორჟანგი, აზოტის მჟავა და მეთანი) ადინება ატმოსფეროში. ისინი ბუნებრივადაც არსებობს, მაგრამ როდესაც ხელოვნურადაც გამოიყოფა, ეს ქმნის ჭარბი რაოდენობის კონცენტრაციას და იწვევს იმას, რომ დედამიწაზე მზიდან მოსული სითბოს იმაზე მეტი ნაწილი რჩება, ვიდრე უნდა დარჩეს. თუ დარჩება იმაზე მეტი, ვიდრე საჭიროა, ეს ატმოსფერულ ტემპერატურას გაზრდის. შემდეგ კლიმატური ცვილებები სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა შედეგებს იწვევს.
საქართველოში კლიმატური ცვილელებების შედეგების შემჩნევა დედოფლისწყაროს რეგიონში უკვე ჩვეულებრივ ადამიანსაც შეუძლია. ეს ტერიტორია საქართველოს მეორე ეროვნულ შეტყობინებაში კლიმატური ცვილებების ჩარჩო კონვენციის მიხედვით დასახელებულია როგორც გაუდაბნოების წინაშე მდგარი ტერიტორია. რეგიონი მდიდარია ნაყოფიერი მიწებით და ვრცელი საძოვრებით, მაგრამ ღარიბია წყლის რესურსით. აქ მცხოვრები ადამიანების ძირითად შემოსავალს როგორც დედოფლისწყაროს მცხოვრები აგროქიმიკოსი და ნიადაგმცოდნე ირა გაიპარაშვილი ამბობს მესაქონლეობა და სოფლის მეურნეობა წარმოადგენს. კლიმატის ცვლილების კონვენციის მიმართ საქართველოს მეორე ეროვნული შეტყობინების კოორდინატორი მარინა შვანგირაძე ასახლელებს დედოფლისწყაროსთვის დამახასიათბელ ოთხ პრობლემას. ესენია: ტემპერატურის ზრდა, ნალექების ოდნავი ზრდა, ქარების ზრდა და გვალვების პერიოდები.
მარინა შვანგირაძის თქმით დედოფლისწყაროს მხოლოდ კლიმატის ცვლილების მიერ გამოწვეული პრობლემები არ აწუხებს. „აქ ჩვენ გვაქვს ანთროპოგენული ჩარევაც.“ მოსახლეობამ თვითნებურად გაჩეხა ქარსაფარები. გაზაფხულზე, როდესაც კულტურები ახალი დათესიალია იწყება ძლიერი ქარების პერიოდი, რომელიც ირა გაიპარაშვილის თქმით 15–30 სანტიმეტრს მიწას აცლის ნათესებს ზემოდან, ეს სწორედ ის ნაწილია, რომელიც კვებავს მცენარეს. ადრე არსებობდა ქარსაცავი ზოლები, რომლებიც ნათესებს იცავდა. მარინა შვანგირაძეც და ირა გაიპარაშვილიც ამბობენ, რომ მოსახლეობის მიერ ქარსაფარების გაჩეხვის გამართლება შესაძლებელია იმით, რომ მათ სხვა ენერგორესურსი არ აქვთ და წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მკაცრი ზამთრის წინაშე სრულიად დაუცველები რჩებიან. თუმცა ირა გაიპარაშვილი იმასაც ამბობს, რომ მოსახლეობის ნაწილი მიხვდა თავის შეცდომას. „ქედების ზონის სოფლებში თვითონ მოსახლება არის დაინტერესებული ქარსაცავების აშენებაში, ამბობენ, თქვენ ოღონდ აგვიშენეთ და ჩვენ მივხედავთო. მიხვედნენ იმ შეცდომას რაც დაუშვეს ,ზოგმა არ იცოდა რას აკეთებდა, ზოგმა იცოდა, მაგრამ რა ექნათ?“

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროლემა არის ის, რომ აღარ ხდება ნიადაგის გამდიდრება სასუქით. როგორც ირა გაიპარაშვილი ისენებს, „ადრე იყო 3-ჯერადი კვება ნიადაგის, ეხლა ეს ხდება ერთხელ და ისიც მხოლოდ ფოსფორის შემცველი სასუქებით, ადრე იყო კალციუმის შემცველიც.“ მისი თქმით ნიადაგის გამდიდრებას მოსახლეობა მოსავლის აღების შემდგომ ყანების გადაწვით ცდილობს. მარინა შვანგირაძის აზრით, ეს რაღაც დროის განმავლობაში კი ზრდის მოსავლიანობას, მაგრამ კიდევ უფრო ფიტავს ნიადაგს. როდესაც მოსავლიანობა მცირდება, ფერმერები ნაკვეთს საძოვრად იყენებენ, მაგრამ შემდეგ გადაჭარბებული ძოვების გამო ეს მიწა საძოვრადაც აღარ გამოდგება და ის უკვე უვარგისია.
ირა გაიპარაშვილი მცენარეთა საფარის გაღარიბებაზეც საუბრობს, ის ამბობს: „ადრე რომ გაივლიდი მინდორში, იყო ძალიან ბევრი ლამაზი ყვავილი, ახლა ასე არ არის. თუ ასე გაგრძლედა, გაუდაბნოება ელის შირაქს.“
როდესაც ფერმერები ვეღარ ღებულობენ მოსავალს და, შესაბამისად, ვეღარ ირჩენენ თავს, ისინი მოდიან დედოფლისწყაროს რაიონიდან და უკვე ეკომიგრანტები ხდებიან, ეს კი მარინა შვანგირაძის აზრით ბევრი მიზეზის გამოა საშიში, ჯერ ერთი ის ტერიტორიები ცარიელდება, ეს კი სახიფათა, რადგანაც დედოფლისწყარო სასაზღვრო ზონაა, აგრეთვე ეს ცუდია სხვა ქალაქებისთვისაც, რადგანაც ამდენი უმუშევარი ადამიანისთვის ახალი სამუშო ადგილების გამოძებნაა საჭირო, მაშინ როდესაც საქართველოში უმუშევრობის დონე ისედაც მაღალია და ამას სხვადასხვა ტერიტორიიდან წამოსული ლტოლვილებიც ემატება.
მარინა შვანგირაძე ამბობს, რომ დედოფლისწყაროს მოსახლეობა კლიმატური ცვილელებების და უარყოფითი ანტროპოგენული ჩარევის შედეგებს უკვე გრძნობს. თუმცა შესაძლებელია ისინი ამას ზუსტ სახელს ვერ არქმევენ, მაგრამ ამბობენ, რომ თუ ადრე ერთ ჰექტარ მიწაზე 4 ტონა ხორბალი მოდიოდა, ახლა 1– მოდის და 2 ტონა უკვე ძალიან კარგ მოსავლად ითვლება. პრობლემა იმაშიც არის, რომ გლეხებს არ აქვთ ინფორმაცია, თუ როგორ უნდა მოახერხონ ახალ კლიმატურ პირობებთან ადაპტაცია. მათ აქვთ წინაპრების გამოცდილება, თუ როგორ უნდა მოუარონ მიწას და ნათესებს, მაგრამ ეს ახალ პირობებში ყოველთვის საკმარისი არაა, ამიტომ მარინა შვანგირაძის აზრით, უნდა მოხდეს ინფორმაციის ფერმერებისთვის და მეურნეებისთვის მიწოდება. ირა გაიპარაშვილი ამობობს, რომ ყველაზე მძიმე შედეგი, რასაც მოსახლე იგრძნობს ამ ცვილებების გამო ეს ეკონომიკური უკუსვლა იქნება.
გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის იმაში, რომ უნდა დაიწყოს კლიმატურ ცვლილებებთან ადაპტაცია და შემცირდეს ადამიანების უარყოფითი ჩარევა. მარინა შვანგირაძე ამბობს, რომ ქარსაფარების აღდგენასთან ერთად უნდა გაშენდეს ენერგეტიკული ტყე, სადაც დაირგვება ისეთი ხეები, რომლებსაც ნიადაგის რეაბილიტაციის უნარი აქვს. ასე გადარჩება ქარსაფარები, რადგან თუ მხოლოდ ამ უკანასკნელის გაშენება მოხდება, მოსახლეობა მას ისევ გაჩეხავს. მისი აზრით, „აგრეთვე საჭიროა ხორბლის და მრავალწლოვანი კულტურების ისეთი ჯიშების შერჩევა, რომლებიც მშრალ კლიმატს უფრო შეეგუებიან.“ გრძელვადიან პერსპექტივაში შესალებელია ჰესების აშენება და ქარის ენერგიის გამოყენება.

1 comment:

  1. "აზოტის მჟავა" აირი არ არის, ანუ სათბურის ეფექტის შექმნაში ვერავითარ როლს ვერ ასრულებს :NO:

    "სასბურე გაზები" ძირითადად მოიცავს წყლის ორთქლს, ნახშირორჟანგს, მეთანს, აზოტის ქვეჟანგს და ფენოლებს.

    :)

    ReplyDelete