Wednesday, October 21, 2009

„მე ადამიანი“– ფესტივალი „ბორბლებზე“


თბილისი 22 –  24 ოქტომერს  მშვიდობისა და ადამიანის უფლებების სამხრეთ კავკასიურ კინოფესტივალ  „მე–ადამიანი“–ს  მასპინძლობს. 

ფესტივალი სამხრეთ კავკასიაში 25 ადგილას ტარდება. იგი ყოველწლიურად მაყურებელს  12 მაღალხარისხოვან დოკუმენტურ ფილმს სთავაზობს.  საქართველოში  მესამედ იმართება.  ფესტივალი უკვე ჩატარდა   გორში, ნიქოზში და წეროვანში. თბილისის შემდეგ კი ის  ოზურგეთს, წყალტუბოს და  ქუთაისს ეწვევა.  

საქართველოში კინოფესტივალის ინიციატორები და დონორები არიან ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“ და ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისი. მას ასევე მხარს უჭერენ „ღია საზოგადოების“ ინსტიტუტი, შავი ზღვის რეგიონალური თანამშრომლობის ფონდი და შვეიცარიის საელჩო საქართველოში.

ფესტივალის მიზანია კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების იდეის პოპულარიზაცია.  მის ფარგლებში ნაჩვენები იქნება 7 დოკუმენტური ფილმი, რომელიც სამ დღეზე გადანაწილდება.  ყოველი დღის ბოლოს კი გაიმართება დისკუსიები მოწვეულ სტუმრებთან ერთად.  „სტუმრებს ვარჩევთ თემატურად, მათ, ვისაც რაიმე აქვთ სათქმელი“ განაცხადა თბილისის ფესტივალის თანაორგანიზატორმა ანა მარგველაშვილმა. ფესტივალის კოორდინატორ ჰელენა ზაიცოვას თქმით: “სამხრეთ კავკასიელი მაყურებელი ამ ფილმებში საკუთარი თავის დანახვას შეძლებს, რამეთუ ფილემბში ბევრია პარალელი მათ მდგომარეობასთან. საფესტივალო დისკუსიები ერთგვარი ფორუმია, სადაც საკუთარი აზრის გამოხატვა და სხვათა პოზიციის მოსმენაა შესაძლებელი.“  ის მთელი სამხრეთ კავკასიის მასშტაბით აჩვენებს დოკუმენტურ ფილმებს შერიგებაზე, ადამიანის უფლებებსა და კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაზე, მაყურებელს კი ფილმებში წარმოდგენილი მწვავე თემების განხილვისკენ მოუწოდებს.

ანა მარგველაშვილის განცხადებით, ფესტივალი მცირებიუჯეტიანია, სულ 1500 ლარია გამოყოფილი. ბიუჯეტი ფარავს ელემენტარულ ხარჯებს: პლაკატი, მოსაწვევი და ა.შ. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ წელს უფრო მეტი ხალხი მიიღებს მონაწილეობას და აუდიტორია დისკუსიებში უფრო გახსნილი იქნება.

No comments:

Post a Comment